„დილას“ სპორტული დირექტორი - განვითარება მაშინ დაიწყება, როდესაც „შერიფის“ მსგავს ინფრასტრუქტურას შევქმნით #1TVSPORT
„დილას“ სპორტული დირექტორი - განვითარება მაშინ დაიწყება, როდესაც „შერიფის“ მსგავს ინფრასტრუქტურას შევქმნით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, გორის „დილას“ სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა მოახლოებული სეზონისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„გუნდი 10 იანვარს შეიკრიბა და სეზონისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით. 3 თებერვალს თურქეთში, ალანიაში მივდივართ, სადაც 18 თებერვლამდე გავჩერდებით და საკონტროლო შეხვედრებსაც გავმართავთ.

ფეხბურთელებს რაც შეეხება, ისინი მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს გემოვნებით დავიმატეთ – ის გუნდს შემტევ ფეხბურთს ათამაშებს და მოთამაშეებიც შესაბამისად დავიამტეთ. ვფიქრობ, ნორმალური კონტიგენტი ჩამოყალიბდება.

უპირველესად, პრობლემა თავდასხმაში გვქონდა, რადგან სპანდერაშვილი დაგვემტვრა და ერთი თავდამსხმელის, კაპანაძის ამარა დავრჩით. წელს დავიმატეთ მაქაცარია, ლიგა2-ის ბომბარდირი, რომელიც ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას ერგება და მგონია, რომ ჩვენთან კიდევ უფრო გაიხსნება.

ყველა გუნდი ბიუჯეტზეა დამოკიდებული. 2016 წლიდან ჩვენთან ახალი მეპატრონე, ებრაული საინვესტიციო ფონდი შემოვიდა – მაშინ მაგარი გაჭირვების პერიოდი გვქონდა. ფინანსურად გორის „დილა“ განსაკუთრებული არაა, მაგრამ რაც გუნდს სჭირდება, გაგვაჩნია. ინფრასტრუქტურას ვქირაობთ და ამაში სახელმწიფო გვეხმარება. არანაირი დავალიანება არ გვაქვს. ერთადერთი პრემიალურები გვაქვს ასაღები და ველოდებით, ფეხბურთის განვითარების ფონდი როდის დაგვირიცხავს. ვერ მივედით იქამდე, რომ ეს ფონდი დალაგდეს.

ფეხბურთის განვითარების ფონდს რაც შეეხება, წახალისების, საპრიზო და საპრემიო თანხები გასული წლის ბოლოს უნდა ჩარიცხულიყო და აქამდე გადავადდა. ინვესტორი თავის ფულს ხარჯავს – საკმაოდ სოლიდურსაც. მასაც ხომ საკუთარი გეგმები აქვს. იცის, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომელსაც ჯერ ვერ ასრულებს. ეს ქართულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადებას ხელს ვერ შეუწყობს. ამიტომ სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. მესმის, რომ სახელმწიფოს სხვა ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ის მინიმალური ვალდებულება უნდა შეასრულოს, რაც ფეხბურთში აიღო. ეს ის თანხაა, რომ გუნდებმა იარსებონ, თამაშებზე იარონ და სასტუმროში დაბინავდნენ.

გორის „დილაში“ შარშანაც ბევრი ადგილობრივი თამაშობდა და ამას წელსაც ვაგრძელებთ. ასაკობრივი გუნდიდან ახლაც რამდენიმე მოთამაშე წამოვწიეთ. რაც შეეხება მიზნებს, შეიძლება ევროსაგზურისთვის ვიბრძოლოთ. მომავალი ჩემპიონატი კი ვფიქრობ, იგივე იქნება, რაც იყო.

ქართული საკლუბო ფეხბურთის მთავარი პრობლემა ფინანსებია. ინფრასტრუქტურა რომ გავაკეთოთ ისევ ამასთან მივდივართ. ჩემი მეგობარია ვაჟა თარხნიშვილი – აქამდე 10 სავარჯიშო მოედანი ჰქონდათ და გუნდის პრეზიდენტმა დამატებით 10 გააკეთა. აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ რომ იქამდე მივალთ, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შევქმნათ, მერე დაიწყება  განვითარება. თორემ სავარჯიშო პროცესი თუ არ გაქვს, ძალიან რთულია, რაიმე შედეგი დადო.“