„დილას“ მწვრთნელი - ეს არ იყო ფეხბურთი, ჩვენ კი მოედანზე სათამაშოდ გავდივართ #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ წინა ტურში წყალტუბოს „სამგურალთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი გაიხსენა, რომელშიც „დილა“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ კაცნაკლულად დარჩენილმა გორელებმა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხეს. პორტუგალიელი მწვრთნელის თქმით, ამ თამაშმა მისი გუნდის ფეხბურთელების ხასიათის სიმტკიცე აჩვენა.
„პირველივე ტაიმში „სამგურალის“ მოთამაშეებს თითქმის ყველა ეპიზოდში დრო გაჰყავდათ, ჩემი აზრით, ეს არ იყო ფეხბურთი, ჩვენ კი მოედანზე სათამაშოდ გავდივართ. იმედია, ასეთი რამ ხშირად არ განმეორდება.
პირველი ტაიმის ბოლოს 10 მოთამაშით დავრჩით, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და კარგად ითამაშეს. რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგს საგოლე მომენტი, ფაქტობრივად, არც შევაქმნევინეთ და, რაც მთავარია, გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა, ფეხბურთელები ისეთი მონდომებით თამაშობდნენ, ამ მატჩის მოგებასაც მოვახერხებდით.
ვამაყობ ჩვენი მოთამაშეების ხასიათითა და მონდომებით. ამ გუნდს ყველა პირობა აქვს, რომ გამარჯვებაზე იფიქროს. როდესაც ფეხბურთელების მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მართალია, სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ შეცდომებს გავაანალიზებთ და ვეცდებით, რომ შემდეგ მატჩებში აღარ გავიმეოროთ“, – განაცხადა „დილას“ პორტუგალიელმა მწვრთნელმა.