„დილას“ მცველი „ჟენისში“ ითამაშებს - ყაზახური კლუბი მაქაცარიამ და კასრაძემ დატოვეს #1TVSPORT
17:50, 06.01.2024
გორის „დილა“ კიდევ ერთმა მოთამაშემ, ზურაბ თევზაძემ დატოვა და კარიერას ყაზახურ „ჟენისში“ გააგრძელებს, სადაც ნოემბერში მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა. ყაზახური კლუბი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ჟენისში“ აღარ ითამაშებენ ლაშა კასრაძე და თამაზ მაქაცარია, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს, გასული სეზონში გუნდი პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა.
დეკემბერში ორივე ფეხბურთელი თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ გუნდს დაემშვიდობნენ. კარგი სეზონის შემდეგ ორივეს აქვს შეთავაზება და მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან.
რაც შეეხება ზურაბ თევზაძეს – 28 წლის ცენტრალურმა მცველმა გასული სეზონი გორის „დილაში“ ჩაატარა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ლევან კორღალიძეს ყაზახურ კლუბში თბილისის „ლოკომოტივიდან“ ნაცნობი სპეციალისტები დაეხმარებიან – მისი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე იქნება, ხოლო ფიზმომზადებაზე იტალიელი სპეციალისტი რიკარდო დე ვივო იზრუნებს.