„დილის“ კიდევ ერთი ტრანსფერი - გორელებმა განელი თავდამსხმელი დაიმატეს #1TVSPORT
გორის „დილამ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – ეროვნული ლიგის ლიდერი კლუბის ღირსებას 18 წლის განელი ცენტრალური თავდამსხმელი დომინიკ ამპონსა დაიცავს.
დომინიკი „დილას“ განის უმაღლესი ლიგის გუნდ „აკრა ლაიონსიდან“ შეუერთდა, რომლის მთავარ გუნდშიც 2023 წლის დასაწყისში დააწინაურეს. ამპონსას კარიერა კარგად დაიწყო – მან განის პრემიერლიგის პირველ სამ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „დილაში“ დიდი საკადრო ცვლილებები მოხდა. სომხეთში წასული მთავარი მწვრთნელის, რუი მოტას ნაცვლად, „დილას“ სათავეში ასევე პორტუგალიელი სპეციალისტი რიკარდო კოშტა ჩაუდგა.
ორიოდე დღის წინ გორელებმა 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ბუღრიძე დაიმატეს, რომელიც კლუბში მანამდეც გამოდიოდა, ბოლოს კი ყაზახეთის უმაღლესი ლიგის „ყიზილჟარში“ თამაშობდა.
გორის „დილა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „სამგურალს“ შეხვდება. მატჩი წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ 11 აგვისტოს, 17:00 საათზე დაიწყება.