„დილას“ გულშემატკივრები - აქ გარკვეული პასუხისმგებლობა გორის მერიაზეა
გორის „დილას“ გულშემატკივართა კლუბმა გუნდში ისრაელის კომპანია „სტარ სპორტ ინვესტის“ სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა – გორელი გულშემატკივრების ჯგუფი შეხედულებით, გუნდმა ინვესტორის ხელში ამბიცია დაკარგა.
„ებრაელ ინვესტორთა ჯგუფი გუნდში 2016 წლის ბოლო მოვიდა. მაშინ მართლაც რთული ფინანსური მდგომარეობა იყო და რომ არა მათი მოსვლა, დიდი ალბათობით მეოთხე ლიგაში აღმოვჩნდებოდით. შესაძლოა, „ზესტაფონის“ ბედი გვეწვნია და გარკვეული პერიოდი არსად აღარ გვეასპარეზა. ინვესტორებმა 750 000 ლარი დავალიანება დაფარეს. პირველივე წელს, 600 000 ლარი ინვესტიცია განახორციელეს და ყოველ შემდეგ წელს, მინიმუმ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღეს. მაგრამ შეპირებული კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც ევროტურნირზე იასპარეზებდა, მეოთხე წელსაც სანატრელი გვაქვს. ასევე არ დაუფუძნებიათ მაღალი დონის ბავშვთა აკადემია. იქიდან გამომდინარე, რომ „დილა” ყველა გამორჩეულმა გორელმა ფეხბურთელმა დატოვა, ყველა სახელი შეიძლება ვუწოდოთ, გორის გუნდის გარდა” – წერია „დილას” გულშემატკივართა წერილში.
ქომაგები მიიჩნევენ, რომ ამბიციების შემცირების მიზეზი , ხელშეკრულებაში ინვესტორების მიმართ წაყენებული მიზერული მოთხოვნებია: „ერთ-ერთ დადებით პუნქტად, ვალდებულებად აღებული 300 000 ლარის ინვესტიცია დავასახელეთ. ეს თანხა საკმაოდ მცირე ვალდებულებაა, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორის პირობებში. მეტსაც ვიტყვით, ეს თანხა სასაცილო ინვესტიციად შეგვიძლია მივიჩნიოთ! სხვა არაერთი ქართველი თუ უცხოელი ინვესტორი გვახსოვს, რომლებიც წლიურად რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას ახორციელებდნენ და ვალდებულებებშიც სხვა თანხები ეწერათ. გასაგებია, რომ იმ მომენტისთვის გუნდის არსებობის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ჩემი აზრით, აქ გარკვეული პასუხისმგებლობა უკვე გორის მერიაზე და ქალაქის ხელმძღვანელობაზე მოდის, ებრაელ ინვესტორებთან მოლაპარაკებას სწორედ ისინი ახორციელებდნენ”.