კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მორიგ შეხვედრაში გორის „დილამ” შინ „რუსთავი” 2:1 დაამარცხა და სატურნირი ცხრილში ბოლოსწინა ადგილი დატოვა.
გორის „თენგიზ ბუირჯანაძეზე” გამართულ ამ შეხვედრაში გორელებიდან თავი გურამ გოშთელიანმა და ალვინ ფორტესმა გამოიჩინეს: 33-ე წუთზე პირველმა გოლი გაიტანა, ხოლო მეორემ საგოლე გადაცემა გაუკეთა. 75-ე წუთზე კი მათ როლები შეცვალეს – ასისტენტი გოშთელიანი იყო, ხოლო მეტოქის კარი კაპე-ვერდელმა თავდამსხმელმა აიღო. რუსთაველებიდან კი თავი თემურ ჩოგაძემ (54 წთ) გამოიჩინა.
იყო საკამათო ეპიზოდიც: რუსთაველთა დარტყმის დროს გორელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ბურთი კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა, რაც მსაჯებმა ვერ შენიშნეს.
შეხვედრის დასასრულს მეტოქეთა მოთამაშეებს შორის კონფლიქტი მოხდა და მთავარმა არბიტრმა ერთდროულად ორი მოთამაშე, ზურაბ ჯაფიაშვილი (“რუსთავი”) და დიდიე კოუგბენია (“დილა”) მოედნიდან გააძევა. ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა, მაგრამ გორელი და რუსთაველი გულშემატკივრების დაპირისპირება მალე ჩაცხრა და საბოლოოდ, შეხვედრა მშვიდობიანად დასრულდა.