„დილას“ ევროთავგადასავალი იწყება - მეტოქე რთულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ #1TVSPORT
გორის „დილა“ ახალ ევროსეზონს ფინურ „კუპსთან“ („კუოპიო პალოსეურა“) მატჩით იწყებს. ხუთშაბათს, 7 ივლისს, ანდრეი დემჩენკოს გუნდი კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს კუოპიოს „ ვერე არენაზე გამართავს.
შეიძლება ითქვას, რომ „კუოპიო პალოსეურა“ გამოცდილი ევროპული გუნდია. გასულ სეზონში, კუპს-ი კონფერენს ლიგის პლეი-ოფამდე მივიდა, სადაც გერმანიის ბუნდესლიგის ბერლინის „უნიონმა“ საერთო ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მანამდე კი დაამარცხა სომხური „ნოა“, უკრაინული „ვორსკლა“ და ყაზახური„ასტანა“.
კუპს-ი ზედიზედ მეხუთედ თამაშობს ევროტურნირზე – გუნდში მიიჩნევენ, რომ სეზონის პირველი მეტოქე ძლიერი გუნდია.
„ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ევროპული თამაშები ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ჩვენ ყოველთვის ერთ კონკრეტულ მატჩზე ვართ კონცენტრირებული და ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. ნამდვილად კარგი ატმოსფერო და ენერგიაა გასახდელში და გუნდში“ – ამბობს კუპს-ის კაპიტანი ანრი ტოივომაკი.
კუპს-ის მთავარი მწვრთნელი სიმო ვალაკარი ეთანხმება კაპიტანს:
„გასულ წელს ჩვენმა ევროთავგადასავალმა გამოცდილება და ცოდნა შეგვძინა. გასული წლისგან განსხვავებით, ახლა მატჩებამდე ფეხბურთელებისთვის დაძაბულობა არ შემიმჩნევია“.
მთავარი მწვრთნელი ვალაკარი და კაპიტანი ტოივომაკი თანხმდებიან, რომ ხუთშაბათს კუოპიოში „ვერე არენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე კარგი დონის გუნდს დაუპირისპირდებიან.
„თავად თამაში საბოლოოდ გვეტყვის, რეალურად რა გუნდს ვხდებით. ვნახეთ, რომ ისინი საქართველოს ლიგაში როგორ თამაშობენ. მათ უყვართ ბურთის კონტროლი და კარგად უტევენ, რა დროსაც სახიფათოები არიან და ბევრ საგოლე მომენტს ქმნიან. უბურთოდ კი ძალიან მაღლა აპრესინგებენ. რეალურად საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ ითამაშებენ. ვიცით, რომ მატჩში იქნება მომენტები, როცა მათ შეიძლება სერიოზული დარტყმა მივაყენოთ“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
მას იმედი აქვს, რომ მოთამაშეები დავალებებს შეასრულებენ:
„ჩემი ვარაუდია, რომ ქართული გუნდი დაცვაში ჩაჯდება და შედეგის მიღწევას სწრაფი კონტრშეტევებით შეეცდება. თუმცა, სახლში ჩვენი დიდი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და აქ მეტოქეზე დიდი ზეწოლა დაგვჭირდება და რთულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ. ამავე დროს, ჩვენ გონივრულად უნდა ვითამაშოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა რისკებია ჩვენთვის თავიდან ასაცილებელი. მიმაჩნია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მხოლოდ საქართველოში გასამართ მატჩში გაირკვევა“.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „კუპსსა“ და „დილას“ შორის ხუთშაბათს, 7 ივლისს „ვერე არენაზე“ გაიმართება.