„დილას“ ექსმოთამაშე პორტუგალიიდან - „სამტრედიამ“ ბრაზილიელი დაიმატა
„სამტრედიამ“ ახალი ფეხბურთელი, ნათან ჟუნიორი დაიმატა, რომელიც წლების წინ გორის „დილაში” თამაშობდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, დავით ქარაულმა განაცხადა.
„ნათან ჟუნიორი გამოცდილი და მაღალი კლასის თავდამსხმელია, რომელიც 2012 წელს გორის „დილაში“ ჩამოვიყვანე და თავი ყველას დაამახსოვრა. ის ბოლოს პორტუგალიაში, ვიზეუს „აკადემიკაში“ თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, რომ „სამტრედიას“ გააძლიერებს“, – ამბობს დავით ქარაული.
ნათან სუარეს დე კორვალიო ჟუნიორი ბრაზილიელია. 31 წლის თავდამსხმელი ზიკოს საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, მერე „ფლამენგოში“ ვარჯიშობდა, კარიერა კი კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაიწყო.
2007 წელს ნატან ჯუნიორი ლატვიაში, რიგის „კონტოში“ გადავიდა, გუნდიდან ლადო დვალიშვილის წასვლის შემდეგ შანსი მიეცა და 2011 წელს ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.
2012 წლის იანვარში, ჯერი ავსტრიული კლუბ „კაპფენბერგშინ“ გადავიდა, მერე კი „დილაში“ ჩამოვიდა. ასევე უთამაშია რუსეთში, პორტუგალიაში, საუდის არაბეთში, იაპონიაში, ბოლოს კი ისევ პორტუგალიაში დაბრუნდა და ვიზეუს „აკადემიკაში“ გამოდიოდა.