„დილას“ აღმასრულებელი დირექტორი - დიდი კონკურენცია წარმატების ერთ-ერთი გარანტია უნდა გახდეს
საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გორის „დილა“ ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. გუნდი ეროვნული ლიგის და თასის გარდა, უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენცლიგაზეც იასპარეზებს და საკადრო საკითხების აღნიშნულის გათვალისწინებით წყდება.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გორის „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჯოხაძემ ილაპარაკა.
„გორის „დილა“ ამბიციური გუნდია და ახალ სეზონშიც უეფა-ს ზონაში მოხვედრა გვსურს. ოთხი წელია, რაც კლუბში ებრაელი ინვესტორები მოვიდნენ და ამ პერიოდში პირველად მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა – გუნდში ყველა პოზიციაზე 2-2 მოთამაშე გვყავს. აქედან გამომდინარე, გუნდში დიდი კონკურენციაა. მიმაჩნია, რომ ეს „დილას“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია გახდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჯოხაძემ.
გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი საკონტროლო მატჩი გამართა. „გორი“ 5:0 დაამარცხა, „გაგრასთან“ 3:5 წააგო, საგარეჯოს „გარეჯს“ 7:0 სძლია, ხოლო „ვიტ ჯორჯიასთან“ 1:2 დამარცხდა. ზამთრის შეკრებას გუნდი თურქეთში გააგრძელებს და საკონტროლო შეხვედრებსაც ჩაატარებს. ჯოხაძემ მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზეც ილაპარაკა.
„მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გავაგრძელებთ, სადაც 5 თებერვალს გავემგზავრებით და 18 თებერვლამდე გავჩერდებით. ამ პერიოდში ხუთი საკონტროლო შეხვედრა დავგეგმეთ, რომელსაც მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევად და გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებს“, – ამბობს ჯოხაძე.