ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-10 ტურის დასკვნითი შეხვედრა გორში გაიმართა – „დილამ“ ქუთაისის „ტორპედო“ დამაჯერებლად დაამარცხა და ისევ ლიდერებშია.
„თენგიზ ბურჯანაძე-არენაზე“ ჩატარებული მატჩი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს და 22-ე წუთზე გიორგი ივანიშვილის გოლით დაწინაურდნენ. გორელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 26-ე წუთზე „დილას“ თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა პენალტი გოლად გარდასახა.
58-ე წუთზე სპანდერაშვილმა დუბლი შეასრულა და „დილა“ წინ გაიჭრა, ხოლო 90+4-ე წუთზე თემურ მარკოზაშვილმა სტუმართა კარი მესამედ აიღო.
გორის „დილამ“, საბოლოოდ, ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა და ლიდერებს დაეწია. პირველ ადგილზე 20 ქულით ბათუმის „დინამოა“, ხოლო სამი გუნდი, თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და „დილა“ 19-19 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 4-კვირიანი პაუზაა, რომელიც ქართული გუნდების ევროთასებზე მონაწილეობითა და სანაკრებო მატჩებითაა გამოწვეული. ჩემპიონატის მე-11 ტური 12 სექტემბერს გაიმართება.