„დილამ“ თამაში შემოატრიალა - გორელები გვინეელის გოლით გალიდერდნენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-4 ტური ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – წყალტუბოს „სამგურალმა“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი გორის „დილა“ მიიღო.
მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნეს. პაპუნა ფონიავას მოწოდებული კუთხურის შემდეგ შალვა ბურჯანაძემ მცველებს დაასწრო და თავით ზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს სერგო კუხიანიძეს მასპინძელთა უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა და კარგი შანსი გაანიავა.
მეორე ტაიმში გორელები გააქტიურნდნენ, სახიფათო მომენტებიც შექმნეს და თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 64-ე წუთზე, „დილას“ ნახევარმცველის, ირაკლი ბიძინაშვილის წაქცევისთვის „სამგურალის“ კარში პენალტი დაინშნა, რომელიც ვანდერსონ სილვამ გოლად გარდასახა 1:1.
წყალტუბოელებს დაწინაურების ორი რეალური შანსი ჰქონდათ. მეკარესთან პირისპირ სერგო კუხიანიძე გავიდა, მაგრამ ლუკა გუგეშაშვილმა დარტყმა მოიგერია და გორელები აშკარა გოლისგან გადაარჩინა. კუხიანიძეს მალე თავის გამოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა და კვლავ ვერ ისარგებლა.
ამისთვის მასპინძლები დაისაჯნენ – მე-80 წუთზე, რეზო ჩიტეიშვილის გადაცემით უსმანე კამარამ გორელთა ფორმით პირველად გაიტანა და „დილა“ დააწინაურა. მალე გორელთა გვინეელმა თავდამსხმელმა დუბლის შესრულება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ნუგზარ სპანდერაშვილის დარტყმის შემდეგ კი „სამგურალი“ მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა.
საბოლოოდ, „დილამ“ გაიმარჯვა 2:1, 4 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად გათამაშების ლიდერია. „სამგურალი“ კი 3 ქულის ამარა დარჩა და მე-8 პოზიციაზეა.
სამგურალი – დილა 1:2
14.03.2021 – ზესტაფონი – „დავით აბაშიძე – არენა“
გოლები: 1:0 ბურჯანაძე (6. ფონიავას პასით), 1:1 ვანდერსონ სილვა (64. პ), 1:2 კამარა (80. ჩიტეიშვილის გადაცემით)
სამგურალი: ქვილითაია – ასათიანი (83. დოლიძე), ლ. ქურდაძე, პატარკაციშვილი – მჭედლიშვილი, კიკაბიძე, ბურჯანაძე (61. კალანდარიშვილი), ფონიავა (70. ვერულიძე), გაზდელიანი (83. ბუხაიძე)- ლექვთაძე (70. კირკიტაძე), კუხიანიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დილა: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ხურცილავა (65. ეტოუ), მაისაშვილი, ვანდერსონ სილვა – ალეფ სანტოსი (84. სპანდერაშვილი), ნ. გაგნიძე, ნონდი (56. მოსიაშვილი) – ღუდუშაური (56. კამარა), ბიძინაშვილი, ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო
მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
გაფრთხილებები: ალეფ სანტოსი (35), პატარკაციშვილი (53), ფონიავა (63), ბიძინაშვილი (86), ვერულიძე (90+3)