„დილამ“ „შუქურა“ დაამარცხა და წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა #1TVSPORT
„დილამ“ „შუქურა“ დაამარცხა და წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა #1TVSPORT

გორის „დილა“ წარმატებულ სერიას განაგრძობს – ანდრეი დემჩენკოს გუნდი ეროვნულ ლიგაში ქობულეთის „შუქურას“ სტუმრად დაუპირისპირდა, ლეგიონერების გოლებით 3:2 დაამარცხა და წარმატებული სერია ექვს მატჩამდე გაზარდა.

მე-14 ტურის ბოლო შეხვედრა ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე ერთი დღის დაგვიანებით ჩატარდა, რადგან 14 მაისს უხვი ნალექის გამო თამაშის გამართვა შეუძლებელი გახდა.

გორის „დილა“ ტიერი გეილის დუბლით (16, 20) პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. ეფექტური გეილის მეორე გოლი იყო – 21 წლის ბარბადოსელმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ქობულეთელთა კარის „ცხრიანში“ აღმოჩნდა.

„შუქურამ“ მეორე ტაიმის დასაწყისში დავით მუჯირის გოლით სხვაობა შეამცირა. 67-ე წუთზე გეილმა დუბლს საგოლე პასიც მიამატა, გოლი კი რომარიკ ეტოუმ გაიტანა და „დილა“ 3:1 დაწინაურდა. 86-ე წუთზე ქობულეთელთა თავდამსხმელმა ბანტუ მზვაკალმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ „შუქურა“ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 2:3.

14 ტურის შემდეგ გორის „დილა“ 24 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ (7) მე-9 პოზიციას იკავებს.