„დილამ“ სეზონი მოგებით დაიწყო - ნიდერლანდელებმა სადებიუტო გოლები გაიტანეს #1TVSPORT
„დილამ“ სეზონი მოგებით დაიწყო - ნიდერლანდელებმა სადებიუტო გოლები გაიტანეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი ტურის დასკვნით შეხვედრაში გორის „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გორელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, რუი მოტას ხელმძღვანელობით პირველი თამაში ჩაატარეს – პორტუგალიელი სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

„დილამ“ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – მე-2 წუთზე მასპინძლების შეტევა გუნდის ახალწვეულმა, ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა დააგვირგვინა. 39 წუთზე კი თავი კიფონ ლაიდსმანმა გამოიჩინა და „გაგრის“ კარი მეორედ აიღო. ორივეს ფეხბურთელისთვის ეს „დილას“ ფორმით სადებიუტო მატჩი იყო.

მეორე ტაიმში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ შემტევებს სიზუსტე დააკლდათ, მეკარეებმა კი საიმედოდ ითამაშეს და საბოლოოდ „დილამ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.