„დილამ“ „საბურთალოსთან“ რევანში აიღო - გორელებმა სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბეს #1TVSPORT
გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „საბურთალოს“ უმასპინძლა და საქართველოს თასზე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო – 3:0.
„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გორელებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში რომარიკ ეტოუმ გაუშვა, ონორე გომისმა კი „საბურთალოს“ კარის აღება ახლოდან მოახერხა.
67-ე წუთზე გორელებმა უპირატესობა გაზარდეს. „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძემ ზურაბ თევზაძის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ჟან ვიქტორმა ზუსტად გაისროლა და ბურთი თბილისელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.
83-ე წუთზე გორელების თავდამხმელ სერგო კუხიანიძესთან უხეშობისთვის „საბურთალოს“ მცველმა გია ჩადუნელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. „დილამ“ კი მესამეც გაიტანა – სანდრო ანდრონიკაშვილის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გორელთა კაპიტანმა, ნიკა გაგნიძემ 90+3-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.
31 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 48 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზე დაწინაურდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა დაძაბა. გორელები დაეწივნენ ქუთაისის „ტორპედოს“ (48), ხოლო მესამეადგილოსან „საბურთალოსთან“ (49) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.