გორის „დილა“ ახალი სეზონისთვის ემზადება და დაკომპლექტებას აგრძელებს. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა განვლილ სეზონზე აჩვენა, რომ შეუძლია სერიოზულ ძალად გადაიქცეს.
გუნდმა ორი ლიდერი დაკარგა – ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას საქართველოს ჩემპიონ – ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, ხოლო „დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის გამორჩეული შემტევი – უსმანე კამარა დაიმატა და ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ამის მიუხედავად, გუნდი ბირთვის შენარჩუნებას ცდილობს. ცნობილი გახდა, რომ „დილასთან“ კონტრაქტი ორი წლით სამმა მოთამაშემ გაახანგრძლივა – ერთ-ერთი 26 წლის მარჯვენა მცველი რეზი ჩიტეიშვილია, რომელიც „დილაში“ 2020 წელს საჩხერეს „ჩიხურადან“ გადავიდა, მისი ფორმით 36 მატჩში ერთი გოლი გაიტანა, დასრულებულ სეზონზე კი 7 გოლით ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი გახდა.
ასევე, შეთანხმებულია ხელშეკრულება ალეფ სანტოსთან – ბრაზილიელი უნივერსალი გუნდში 2019 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა და გორელთა ფორმით 53 მატჩი ჩაატარა. დასრულებულ სეზონზე მან 36-დან 32 მატჩი ითამაშა, უმრავლესობა – ძირითად შემადგენლობაში. 25 წლის ფეხბურთელი „დილასთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა.
„დილასთან“ კონტრაქტი ასევე ორი წლით გაახანგრძლივა ვანდერსონ სილვამ, რომელიც ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენა მცველია. 30 წლის ფეხბურთელი გორში 2020 წლიდან თამაშობს. დასრულებულ სეზონზე მან მცველისთვის კარგი შედეგიანობა აჩვენა – 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
აქვე ვიტყვით, რომ ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა „გაგრას“ და ეროვნული ლიგა2-ის ბომბარდირმა, 26 წლის თამაზ მაქაცარიამ. ასევე, კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ლომთაძე, რომელიც „სამტრედიადან“ დაიმატეს.