„დილამ“ ისევ მოიგო და ეროვნულ ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა #1TVSPORT
გორის „დილამ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო (1:0) და ერთპიროვნულად გალიდერდა.
ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გორელებმა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „თელავთან“ გამართეს და ათი მოთამაშით დარჩენილი მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
მატჩის ბედი პირველი ტაიმის 34-ე წუთზე გადაწყდა. საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის არბიტრმა მოედნიდან „თელავის“ მეკარე ბექა ქურდაძე გააძევა. დანიშნული საჯარიმო „დილას“ ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, ვუტერმა ზუსტად შეასრულა – მან გოლის გატანა სამივე ტურში მოახერხა.
სამი ტურის შემდეგ გორის „დილამ“ ცხრა ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, „თელავი“ (3) კი მექვსე პოზიციაზეა.