„დილამ” ირაკლი ლექვთაძე დაიმატა
„დილამ” ირაკლი ლექვთაძე დაიმატა

ეროვნული ლიგის განახლებამდე გორის „დილამ“ ახალი მოთამაშე დაიმატა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილ გუნდში ირაკლი ლექვთაძე ითამაშებს. ინფორმაციას „დილას“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „დილასთან“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თბილისის „,დინამოს“ აკადემიის აღზრდილმა კარიერა თბილისელთა რიგებში დაიწყო, ბოლოს კი საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობდა. ამ ორი გუნდის გარდა, „ცხინვალში“, ბოლნისის „სიონსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.

ლექვთაძისთვის გორის „დილა“ უცხო გუნდი არა არის. 2011-12 წლების სეზონში იგი გორელებს თბილისის „დინამოდან“ იჯარით შეუერთდა.

28 წლის შემტევი ნახევარმცველი, 2012-14 წლებში, თბილისის „დინამოსთან“ ერთად, ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. ეს კიდევ ერთხელ უკვე 2017 წელს საჩხერის „ჩიხურას“ რიგებში მოახერხა.