ქობულეთის „შუქურამ“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საკუთარი სტადიონის გარემონტების მოლოდინში ქობულეთელებმა 32-ე ტურის შეხვედრა თბილისში, „ილია კოკაია არენაზე“ ჩაატარეს. გორელებმა სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმის დასაწყისში მოიპოვეს და ამაში მთავარი როლი გიორგი გაფრინდაშვილმა ითამაშა, რომელმაც მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა.
2 წუთში ქობულეთელთა ნახევარმცველმა, ალეკო ანანიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-19 წუთზე გაფრინდაშვილმა მახვილი კუთხიდან ძალიან ეფექტური დარტყმით დუბლი შეასრულა. „დილა“ ისევ დააწინაურა და გორელებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.
შესვენების შემდეგ ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ „დილამ“ უპირატესობა შეინარჩუნა, 2:1 მოიგო და 32 ტურის შემდეგ დაგროვებული 51 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, „შუქურა“ კი ბოლო ადგილზეა და ლიგიდან ოფიციალურად გავარდა.