„დილამ“ ერთი გამარჯვებით ორი ადგილი მოიგო
„დილამ“ ერთი გამარჯვებით ორი ადგილი მოიგო

კრისტალბეთლიგაში 29-ე ტური თბილისსა და გორში გამართული ორი შეხვედრით დასრულდა, რომელმაც აუტსაიდერთა ზონაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე „ვიტ ჯორჯიამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი 0:0 დასრულდა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს, მაგრამ ამ ფრემ „ვიტ ჯორჯიას“ ბევრი არაფერი შესძინა და ექვს ტურში ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ტური გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სახიფათო ზონაში მყოფი გუნდები, „დილა“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ. ანგარიში გორელთა თავდამსხმელმა, გურამ გოშთელიანმა მე-17 წუთზე გახსნა. 37-ე წუთზე საჩხერელთა თავდამსხმელმა, ბესო დეკანოიძემ წონასწორობა აღადგინა 1:1. შეხვედრის ბოლო, 90+4-ე წუთზე ალვინ ფორტესმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „დილამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

„რუსთავი“ 34 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ (18 ქულა) ისევ მე-10 პოზიციაზე დარჩა. „დილამ“ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთდროულად ორი ადგილით, მეექვსეზე დაწინაურდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ორი საფეხურით ჩამოიტოვა საჩხერის „ჩიხურა“ (32 ქულა), რომელიც ამ მატჩამდე ასწრებდა, ახლა კი უჩვეულოდ დაბალ პოზიციაზე დაქვეითდა.

30-ე ტურის შეხვედრები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი, ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართება – თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს. ეს 23-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრაა, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ.