„დილამ“ „დინამო თბილისთან“ ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა და ქულა მოიპოვა #1TVSORT
ეროვნული ლიგის მეექვსე ტური „დინამო არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა. „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა – სანახაობრივი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
დინამოელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 29-ე წუთზე ანგარიში გახსნეს – ვახტანგ სალიას გადაცემის შემდეგ ვასილიოს გორდეზიანი კარის წინ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.
გორელებმა მეორე ტაიმი დამაჯერებლად დაიწყეს და წონასწორობა სწრაფად აღადგინეს – 50-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ნიკა გაგნიძემ მეკარესთან პირისპირ იბრაჰიმა დრამე გაიყვანა და სენეგალელმა თავდამსხმელმა ზუსტად დაარტყა.
84-ე წუთზე „დინამო თბილისი“ ამ მატჩში კიდევ ერთხელ დაწინაურდა – ოსკარ სანტისის გადაცემით გოლი სალიამ გაიტანა, მაგრამ 89-ე წუთზე ანტონიო ლოპესის ზუსტი გადაცემის შემდეგ შოთა შეყილაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
ექვსი ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 8 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო გორის „დილამ“ 14 ქულა მოაგროვა და მეორე პოზიციაზე დაბრუნდა.