„დილამ“ და რიბეირომ ლიდერს მასტერკლასი ჩაუტარეს
„დილამ“ და რიბეირომ ლიდერს მასტერკლასი ჩაუტარეს

გორის „დილას“ ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო შეუჩერებელია. დღეს გორის „თენგიზ ბურჯანაძემ“ ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც „დილამ“ გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

თბილისელებს ანგარიშის გახსნის მშვენიერი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ, ეს გორელთა თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა მოახერხა, ბრაზილიელმა ლეგიონერმა კი ჰეთთრიქი შეასრულა და „დილას“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. „საბურთალოდან“ ერთადერთი გოლი გურამ გოშთელიანის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, „დილამ“ 4:1 მოიგო და დაამტკიცა, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური პოტენციალი გააჩნია.

თბილისელებმა წააგეს, მაგრამ 27 ქულით კვლავ პირველ ადგილზე არიან და „დინამო თბილისს“ ორი ქულით ასწრებენ, ხოლო „დილამ“ 23 ქულით მესამე პოზიცია დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ შეხვედრაში ლეანდრო რიბეირომ ხუთი გოლი გაიტანა, სულ კი შვიდი გოლის ავტორია და ოთარ კიტრეიშვილთან ერთად, ეროვნული ლიგის ბომბარდირებში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.