გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბელარუსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დაამარცხა. ანდრეი დემჩენკოს გუნდს ბორისოვოს „ბატე“ დაუპირისპირდა, რომელიც ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა.
თუმცა, შემადგენლობა ჯერ „დილაშიც“ არაა სტაბილური, მწვრთნელი ახალწვეულებს არჩევს და ამის ფონზე, გორელების გამარჯვება კარგი ფაქტია. ბელარუსის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, ბორისოვოს „ბატეს“ გორელებმა შანსი არ დაუტოვეს და დამსახურებულად აჯობეს.
გორელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და მე-6 წუთზე ანგარიში გახსნეს – თავი რომარიკ ეტოუმ გამოიჩინა. „დილამ“ საგოლე მომენტები ამის შემდეგაც შექმნა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ისარგებლა – 62-ე წუთზე „დილას“ მაისურით სადებიუტო გოლი ანრი ჭიჭინაძემ გაიტანა.
ბოლო წუთებზე გორელებმა მესამე გოლიც გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა შემტევს თამაშგარე დაუფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა, „დილამ“ კი 2:0 მოიგო.
დილა (სასტარტო): მუჯრიშვილი, ნემსაძე, ეტოუ, ჭიჭინაძე, ალეფ სანტოსი, მოსიაშვილი, მადინგა, ბაბუნაშვილი, ალიმბარაშვილი, სპანდერაშვილი, ანკობო.