„დილადან“ ევროთასებამდე წასული ვაგნერი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს #1TVSPORT
„დილადან“ ევროთასებამდე წასული ვაგნერი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს #1TVSPORT

ვაგნერ გონსალვეში, რომელმაც გორის „დილა“ კონფერენს ლიგის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე დატოვა, კარიერას ჩრდილომაკედონიურ „შკენდიაში“ გააგრძელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიური კლუბის ცნობით, გორელების ყოფილმა თავდამსხმელმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ბრაზილიელმა „შკენდიას“ მაისური უკვე მოირგო „არარატთან“ კონფერენს ლიგის შეხვედრაში.

ვაგნერ გონსალვეში ცოტა ხნის წინ უკრაინის „დნიპროს“ შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტიდან ივნისამდე გორის „დილაში“ იჯარით გამოდიოდა.

სამწუხაროდ, გონსალვეშმა საქართველოში დარჩენა აღარ ისურვა და „დილა“ ევროტურნირებამდე მცირე ხნით ადრე დატოვა. სხვათა შორის, ასევე მოიქცა „საბურთალოშიც“, რომელიც 2019 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ტირასპოლის „შერიფთან“ მატჩამდე ორი კვირით ადრე მიატოვა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, „შკენდიაში“ რომ ვითამაშებ. როგორც გავიგე, წელს ძალიან ამბიციური შემადგენლობა შეიკრიბა და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. „შკენდიას“ ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს, სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს, როგორც შემტევ ფეხბურთელს. მე ყოველთვის მაქსიმუმს გავცემდი და მჯერა, რომ ჩემი თანაგუნდელების დახმარებით მივაღწევთ წარმატებებს და გულშემატკივრებს გავახარებთ“, – განაცხადა ვაგნერ გონსალვეშმა.