გორის „დილას“ შემადგენლობაში „სამტრედიასთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:2) ნუგზარ სპანდერაშვილსა და ჰაჯი დრამეს არ უთამაშიათ, – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ორივე მათგანმა კლუბი დატოვა.
„ნუგზარ სპანდერაშვილმა და ჰაჯი დრამემ „დილა“ დატოვეს. მადლობას ვუხდით ორივე მათგანს კლუბში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში“, – წერია „დილას“ განცხადებაში.
24 წლის თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი გორის „დილაში“ 2019 წელს „გაგრიდან“ გადავიდა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ 2021 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დაბრუნება ვერ მოახერხა.
22 წლის მალელი ნახევარმცველი ჰაჯი დრამე გორელთა შემადგენლობაში 2022 წელს ჩაირიცხა და „დილას“ ფორმით ჩატარებულ 25 მატჩში ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.