გორის „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება „გორთან“ მატჩით დაიწყო და მეტოქეს 5:0 სძლია, ასევე მოუგო „გარეჯს“ – 7:0, ხოლო თურქეთში გამგზავრებამდე „გაგრასთან“ 3:5 დაასრულა, თბილისის „ვიტჯორჯიასთან“ კი 1:2 წააგო.
შეკრების მეორე ეტაპი გუნდმა ანტალიის რეგიონ ლარაში განაგრძო და ხუთი ამხანაგური მატჩიდან ოთხი მოიგო. შეკრების პირველ მატჩში გორელებმა რუსული „ყუბანი“ 1:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი უზბეკურ „ქიზილქუმთან“ 0:1 დამარცხდნენ.
შემდგომი სათამაშო დღე „დილას“ ორმატჩიანი ჰქონდა – პირველ შეხვედრაში ბორისოვოს „ბატეს“ 2:0 სძლია, ხოლო დღის მეორე მატჩში კი რუსული „ჩერტანოვო“ 2:1 დაამარცხა, საქართველოში გამომგზავრებამდე კი გუნდმა ბოლო მატჩი ყაზახურ „ტობოლთან“ ჩაატარა და მეტოქეს 2:0 სძლია.
გუნდი სამშობლოში მზადების ბოლო ფაზას გაივლის და 28 თებერვალს გასამართი ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩისთვის მოემზადება, სადაც „შუქურას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს ცნობით, „დილას“ დაკომპლექტება ფაქტობრივად, დასრულებულია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ახალ ფეხბურთელებს კიდევ დაიმატებენ. თურქეთიდან ჩამოსულ გუნდს გორში თოვლი დახვდა – უკრაინელი მწვრთნელი ვარაუდობს, რომ ეს სეზონის დაწყებამდე დარჩენილ ერთ კვირაში გუნდების მზადებას ხელს შეუშლის.