„დილა“ შეკრებაზე უზბეკურ გუნდს შეხვდება - გორელებს კუხიანიძეც დაუპირისპირდება
თურქულ შეკრებაზე, მე-2 მატჩს, გორის „დილა“ უზბეკეთის სუპერლიგის კლუბ ,,ქიზილქუმთან“ გამართავს. მატჩი თურქეთის ქალაქ ანტალიაში 11 თებერვალს არის დაგეგმილი. შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით გადაწყდება.
უზბეკური კლუბი 1967 წელს დაარსდა და ძირითადად, ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. „ქიზილქუმს” მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგან 2 ქართველია და ორივე მათგანი კლუბს სულ ახლახანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა. საუბარია ექს-დილელ ფორვარდ მათე ვაწაძეზე და გულშემატკივრისთვის ასევე კარგად ცნობილ ელგუჯა გრიგალაშვილზე.
გუნდის ბოლო ახალწვეული კი გიორგი კუხიანიძე გახდა – ამ ინფორმაციას გერმანული სამენეჯრო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი უზბეკურ გუნდს „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა.
გასული სეზონი „ქიზილქუმმა” უზბეკეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზე დაასრულა.