დილა ოფიციალურად აცხადებს - კოვტალიუკის ტრანსფერზე შეთავაზება არ მიგვიღია
დილა ოფიციალურად აცხადებს - კოვტალიუკის ტრანსფერზე შეთავაზება არ მიგვიღია

გორის დილამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და უკრაინელი თავდამსხმელის, მიკოლა კოვტალიუკის ტრანსფერთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მიკოლა კოვტალიუკის ერთ-ერთ ესპანურ გუნდში ტრანსფერის შესახებ. ინფორმაცია არაერთგვაროვანია და ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერი უკვე შემდგარია. სახელდება სატრანსფერო თანხის კონკრეტული ციფრიც, თუმცა გვინდა ხაზგასმით დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება“ – წერია განცხადებაში.

დილას ცნობით, ტრანსფერზე ლაპარაკი ჯერ მხოლოდ ჭორია: „მიკოლა კოვტალიუკი ამ დრომდე დილას მოქმედ ფეხბურთელად რჩება და მასთან დაკავშირებით კლუბს არანაირი კონკრეტული შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია. შესაბამისად, არ შეესაბამება სიმართლეს თანხებთან დაკავშირებული კონკრეტული ნიუანსებიც. ვიმედონებთ, ეს განცხადება ამ საკითხის ირგვლივ გაჩენილ ყველანაირ შეკითხვას ნათელს მოჰფენს“.