„დილა“ მეორე მეკარესაც შეელია
„დილა“ მეორე მეკარესაც შეელია

გორის „დილა“ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა დატოვა და ახალ კლუბს ეძებს, – ინფორმაცია გორის კლუბის ვებ გვერდმა გაავრცელა, რომელმაც 22 წლის მეკარეს კლუბში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

გიორგი ჩოჩიშვილი გორის „დილაში“ 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. „საბურთალოს“ აღზრდილი გადავიდა „შევარდენში“, 2017 წელს პრაღის „სლავიაში“ ჩაირიცხა, საიდანაც „ზლატე მორავცეშიგაანათხოვრეს, 2018 წელს საქართველოში დაბრუნდა და ბოლნისის „სიონში“ ჩაირიცხა, 2019 წელს „შევარდენში“ დაბრუნდა, გორის „დილაში“ კი 2019 წლიდან გამოდიოდა, მაგრამ მთავარი მეკარე ვერ გახდა – გასულ სეზონში გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, რაც არ აკმაყოფილებდა.

სად გააგრძელებს კარიერას გორის „დილადან“ წასული 21 წლის გოლკიპერი, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩოჩიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ ითვლებოდა.

ჩოჩიშვილი მეორე მეკარეა, რომელმაც სეზონის შემდეგ „დილა“ დატოვა. 21 წლის ლუკა გუგეშაშვილი პოლონურმა „იაგელონიამ” თურქულ შეკრებაზე წაიყვანა. მან „დილაში“ გასული სეზონი იჯარით ითამაშა და კონფერენციათა ლიგის საგზურის მოპოვებაში დიდი როლი ჰქონდა.