დიღომში ახალი საკალათბურთო დარბაზი გაიხსნა, რომელიც 186-ე მეგა-სკოლის ბაზაზე მდებარეობს.
„დარბაზში, იატაკიდან დაწყებული, ფარებით დამთავრებული, ყველაფერი მაღალი დონისაა. ასეთ პირობებში ვარჯიში ნამდვილად სასიამოვნოა. ვურჩევ, ყველა მშობელს შვილები აქ მოიყვანონ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი კორსანტიამ ახალ დარბაზში სტუმრობისას.
მასთან ერთად, პრეზენტაციას ესწრებოდნენ და ახალი ინვენტარი გატესტეს მიხეილ ბერიშვილმა, ალექსანდრე ფევაძემ, ძმებმა – ნიკა და ლევან ლოლიშვილებმა…
„186-ე მეგა-სკოლის დარბაზში საკალათბურთო კლუბ „ორბის“ ახალი ფილიალი ფუნქციონირებს. ამჟამად უკვე ვარჯიშობენ „ჯუნიორ NBA-ის“ მონაწილე პატარა კალათბურთელები. აქვე გავხსენით ინდივიდუალური მომზადების ცენტრი.
ახალ დარბაზში იმუშავებენ მწვრთნელები – ირაკლი ტომარაძე და ლევან ლოლიშვილი“, – გვითხრა საკალათბურთო კლუბ „ორბის“ პრეზიდენტმა თორნიკე გიორგაძემ.