მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ახალგაზრდა პორტუგალიელ თავდამსხმელ ჟოაო ფელიშის შესახებ საუბრობს. ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის წინ, რომელშიც მადრიდელები „ოსასუნას“ შეხვდებიან, არგენტინელი სპეციალისტი ფელიშს ენთუზიაზმს უწუნებს.
„ჟოაომ ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ მას წასვლა მოუხდა და, როდესაც დაბრუნდა, ნაკლები ენთუზიაზმი ჰქონდა. შევაფასებთ მის მდგომარეობას ვარჯიშებზე და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჟოაო ახალგაზრდაა და მას ყველაფერი წინ აქვს. იმედია, ის გუნდის შედეგების განმსაზღვრელი ფეხბურთელი გახდება“, – მოჰყავს სიმეონეს სიტყვები „მარკას“.
შეგახსენებთ, რომ ფელიში „ატლეტიკოში“ ლისაბონის „ბენფიკადან“ 2019 წელს გადავიდა. მას შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე პასი.