დიეგო მარადონას ყოფილი თანაგუნდელი ანდრეა კარნევალე - ხვიჩა კვარაცხელიას აქვს კარგი დრიბლინგი და სისწრაფე #1TVSPORT
ანდრეა კარნევალემ, რომელიც „უდინეზეს“ მენეჯერია, რადიო „მარტესთან“ ინტერვიუში ყოფილი კლუბის, „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და კვარაცხელია დადებითად დაახასიათა.
იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილ თავდამსხმელს მარადონას გვერდით უთამაშია და კარგი ფეხბურთელის ცუდისგან გარჩევა და ფასი იცის. ამიტომ მისი ნათქვამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„კვარაცხელიას სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოჯანმრთელდა და ორი წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდა. მას აქვს კარგი დრიბლინგი, სიჩქარე, ძალიან კარგი მოთამაშეა“, – ამბობს ანდრეა კარნევალი.
ვეტერანი მოთამაშის აზრით, „ნაპოლი“ ყოველთვის ამბიციური გუნდია:
„როგორ დავივიწყოთ 33 წლის წინ უეფა-ს თასის მოგება. როდესაც ნეაპოლში დავბრუნდით, აეროპორტიდან სტადიონამდე მისასვლელად საათნახევარი დაგვჭირდა. ჩვენი უეფა-ს თასი დღევანდელი ჩემპიონთა ლიგაა. მე „ნაპოლისგან“ წელსაც წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოს იმედი ცოტათი გამიცრუა. როცა პატარა გუნდებთან ბევრ ქულას კარგავ, სკუდეტოს აუცილებლად დაკარგავ. მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა, მთავარი მწვრთნელი სპალეტი მუშაობას რომ განაგრძობს“.
ანდრეა კარნევალე „ნაპოლიში“ 1986-1990 წლებში თამაშობდა, სადაც იმ დროს დიეგო მარადონა გასაოცარ თამაშებს ატარებდა. კარნევალემ ფეხბურთის მეფის გვერდით მოიგო ორი სკუდეტო (ჩემპიონობა), გახდა იტალიის თასისა და უეფა-ს თასის მფლობელი.
იტალიის ნაკრებში 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მონაწილეობდა 1988 წლის ოლიმპიადაზე და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.