„დიჟონის“ მცველი დავითაშვილზე - მასში ნამდვილი ფეხბურთელის სულისკვეთება იგრძნობა #1TVSPORT
„დიჟონის“ მცველი დავითაშვილზე - მასში ნამდვილი ფეხბურთელის სულისკვეთება იგრძნობა #1TVSPORT

ფრანგულ ტელეარხ RMC-თან ვრცელ ინტერვიუში „დიჟონის“ 37 წლის გამოცდილმა მცველმა, დანიელ კონგრემ „ბორდოსა“ და „სენტ-ეტიენის“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია.

„ნამდვილი შოკი „ბორდო“ იყო, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ვეთამაშეთ (სახლში 0:3 წააგეს) – ამ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს. არის თუ არა „ბორდოში“ ფეხბურთელი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენთან მატჩის დროს? დიახ, ეს ზურიკო დავითაშვილია.

ის იმდენად აქტიური იყო, გამაოცა. ყოველთვის ბურთს ითხოვდა, კარში არტყამდა, მუდამ მოძრაობდა, მოვლენების ცენტრში იყო და უტევდა. ისეთი მოთამაშეა, რომლისგანაც ნამდვილი ფეხბურთელის სულისკვეთება იგრძნობა. „ბორდო“ ძალიან დაბალანსებული გუნდია და, ნებისმიერ შემთხვევაში, ლიგა 1-ში გადასვლის რეალური კანდიდატია“, – ამბობს „დიჟონის“ მცველი.

ლიგა 2-ის მეორეადგილოსანი „ბორდო“ მორიგ შეხვედრას შაბათს, 4 მარტს გამართავს. 26-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის გუნდი მე-15 პოზიციაზე მყოფ „სენტ-ეტიენს“ (30 ქულა) დაუპირისპირდება, რომელსაც, თეორიულად, ლიგა 1-ში გადასვლისთვის ბრძოლის შანსიც გააჩნია და გავარდნისგანაც არაა დაზღვეული.