დიდიე დეშამი - კილიან მბაპეს ვესაუბრე და ნაკრებს მიღმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მე მივიღე #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპე ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელს ესაუბრა და მისი განაცხადს მიღმა დატოვების გადაწყვეტილებაც თავად მიიღო.
„მბაპეს ვესაუბრე და ნაკრების მიღმა მის დატოვებაზე გადაწყვეტილება მე მივიღე. ორი რამის თქმა შემიძლია, მას გუნდთან ერთად ყოფნა სურდა და ეს ყველაფერი არ ეხება დამატებით სპორტულ საკითხებს. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება კონკრეტულად ამ შეკრებისთვის“, – განაცხადა დეშამმა.
ოქტომბერში მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა, თუმცა „სამფეროვანთა“ თამაშის დროს ის სტოკჰოლმის ქუჩებში შენიშნეს, სადაც სექსუალურ სკანდალში გაეხვა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი 14 ნოემბერს საკუთარ მოედანზე ისრაელს შეხვდება, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება.