დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებული ოცდაექვსი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ცამეტი ფიზიკური და ცამეტი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით, კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა – სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება.
წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა ცამეტი იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში, რის შემდგომაც საქართველოში, მათ შორის, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.
სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, თბილისში მდებარე კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე, ძვირადღირებული ავტომობილები.
დანაშაულის ორგანიზატორი – ფ.ნ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლით და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 4 288 033 ლარის ღირებულების უძრავი ქონებები, ორი ავტომანქანა, 42 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა და საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
საქმეზე ბრალდებულ 13 იურიდიულ პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, 10 წლის ვადით ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრათ ჯარიმა თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება, დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და პირობით სასჯელთან ერთად დაეკისრათ ჯარიმა 517 000 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.