დიდი ნაბიჯი ეროვნულ ლიგაში დასარჩენად - „გაგრამ“ პლეი ოფში „სპაერი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში „სპაერი“ 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა, ლიგა 2-ის მეორეადგილოსან „სპაერს“, „დინამო არენაზე“ უმასპინძლა და სწრაფად დაწინაურდა. მე-8 წუთზე გათამაშებული ეფექტური კომბინაციის შემდეგ, „გაგრა“ ლუკა ნოზაძემ დააწინაურა.
მასპინძლებმა სხვაობა მეორე ნახევარში გაზარდეს. 63-ე წუთზე „გაგრამ“ ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნა. პირველ შემთხვევაში „სპაერი“ მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ გადაარჩინა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა, ფლანგური გადაცემა კი თამაზ მაქაცარიამ თავური დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი „გაგრას“ კაპიტნის, გიორგი ქობულაძის გადაცემებით გავიდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 დეკემბერს, 13:00 საათზე, „სპაერის“ სტადიონზე გაიმართება. ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ლიგა 2-ის გუნდმა „გაგრა“ სამბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს.
ეროვნული ლიგის პლეი ოფის მეორე წყვილში დაძაბული მდგომარეობაა. „სამტრედიამ“ პირველ მატჩში, საკუთარ მოედანზე, ბოლნისის „სიონი“ 1:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრას კვირას, 11 დეკემბერს, ბოლნისის „თამაზ სტეფანიას სახელობის“ სტადიონზე 13:00 საათზე გამართავს.