დიდი ხანია, საქართველოს ასეთი ნიჭიერი თაობა არ ჰყოლია - „ჯვაროსნების“ თავდამსხმელს გუნდის იმედი აქვს #1TVSPORT
„ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ძლიერ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ მისი იმედი მაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ნიკა კაჭარავამ განაცხადა.
28 წლის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში პოტენციალს ხედავს და იმედი აქვს, რომ გუნდი ძლიერ ჯგუფში თავის გამოჩენას მოახერხებს.
„ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ გრანდებთან სხვაობა შემცირდა და თამაში ყველასთან შეიძლება. ვერავინ იტყვის, რომ ესპანეთთან ფავორიტები ვართ, ნორვეგია და შოტლანდიაც ძლიერი მეტოქეები არიან და ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც იბრძოლებს. მაგრამ ჩვენი ნაკრების იმედი მაქვს.
დიდი ხანია, საქართველოს ასეთი ახალგაზრდული და ნიჭიერი თაობა არ ჰყოლია. პირადად მე, დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან ვხედავ, ჩვენს ნაკრებს დიდი პოტენციალი გააჩნია. მომავალს იმედებით ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, ეს იმედები გამართლდება და გუნდს მარტის თამაშებში წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ნიკა კაჭარავამ.
28 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. იანვარში კაჭარავამ კონტრაქტი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გააფორმა და პირველ 4 ტურში 3 გოლი გაიტანა.