დიდი ფეხბურთი და სავსე სტადიონი ბათუმში - კვარაცხელიამ დუბლი ეფექტური გოლით შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა და ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. საქართველოს ჩემპიონმა „აჭარაბეთ არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლა – აღსანიშნავია, რომ თამაშს დააახლოებით 15 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც საქართველოს ჩემპიონატის რეკორდი არაა, მაგრამ მშვენიერი მაჩვენებელია.
გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ნახვა იზიდავს – ბათუმში კვარაცხელიას გარდა ზურიკო დავითაშვილიც გადავიდა და მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე. მათ გუნდში მოქმედი „ჯვაროსნები“ დახვდნენ – ლაზარე კუპატაძე, მამუკა კობახიძე, გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი, სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი და ჯაბა ჯიღაური, ხოლო „გაგრაში“ „ჯვაროსნებიდან“ საბა კვირკველია თამაშობდა, ასევე ახლო წარსულში გუნდის ყოფილი თავდამსხმელი მათე ვაწაძე.
კვარაცხელიამ იმედები გაამართლა. ბათუმელები შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ელიგაში პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა. მართალია, „გაგრას“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ (11) მალე სხვაობა შეამცირა, მაგრამ 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გულშემატკივრის იმედმა 27-ე წუთზე დუბლი ულამაზესი გოლით შეასრულა და ბათუმელთა უპირატესობა გაზარდა.
მეორე ტაიმში ბათუმის „დინამომ“ მეოთხე გოლიც გაიტანა – 62-ე წუთზე სტუმრებს ჯოვინო ფლამარიონმაც გაუტანა, მე-80 წუთზე მასპინძელთა კარი გიორგი ბუხაიძემ აიღო. საბოლოო ანგარიში კი მილან რადინმა დააფიქსირა, რომელმაც სტუმართა კარი 86-ე წუთზე აიღო და ბათუმელებმა 5:2 მოიგეს.
8 ტურის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა 19 ქულა დააგროვა და სულ რაღაც ორი საათით დაკარგული ლიდერობა გორის „დილას“ (18 ქულა) ისევ ჩამოართვა, „გაგრა“ (8 ქულა) კი მე-8 ადგილზეა.