დიდი ცვლილებები გორის „დილაში“ - არგენტინელ მწვრთნელთან მოლაპარაკება მიდის, გორში სამხრეთამერიკელების ჩამოყვანას იმედოვნებენ #1TVSPORT
გორის „დილაში“ დიდი საკადრო ცვლილებები იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
როგორც შევიტყვეთ, „დილაში“ ძალიან ბევრი ცვლილება იქნება, გუნდს, მინიმუმ, 10 მოთამაშე დატოვებს, თუმცა კლუბმა ჯერ მხოლოდ ერთი სიახლე დაადასტურა – „დილა“ ვიცე-კაპიტანმა ალეფ სანტოსმა დატოვა. ბრაზილიელი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, ისევე როგორც მისი თანამემამულე ვანდერსონ სილვა. ამ ეტაპზე კლუბში მეტის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ცვლილებები რომ იქნება, ამას ადასტურებენ.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ევერ დემალდეს, მან გუნდი ოქტომბერში ჩაიბარა და ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ცდილობს. ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეული კლუბისა და არგენტინელი სპეციალისტის შემდგომი თანამშრომლობა პირობებზეა დამოკიდებული – გორში იმედოვნებენ, რომ მწვრთნელთან შეთანხმებას შეძლებენ და ის არგენტინიდან საინტერესო ფეხბურთელებს ჩამოიყვანს.
რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, ნიკა გაგნიძეს, ის კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ უცხოური შეთავაზებებიდან მისთვის რომელიმე საინტერესო იქნება. საქართველოში მასაც ბათუმის „დინამო“ იწვევს, მაგრამ ეროვნულ ლიგაში გაგნიძეს მხოლოდ „დილაში“ თამაში სურს.