„დიარიო ასი“ - მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, ის რეკორდს უახლოვდება #1TSVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ალმერიასთან“ საუკეთესო თამაში აჩვენა და თუ ამ კვირაში ლა ლიგაში დაგეგმილ ორივე შეხვედრასაც ჩაატარებს, „ვალენსიის“ მაისურით ზედიზედ 50 მატჩი დაუგროვდება, ეს კი მის ასაკში სარეკორდო მაჩვენებელია, – 22 წლის ქართველ მეკარეზე წერილი გამოცემა „დიარიო ასმა“ გამოაქვეყნა.
„გიორგი მამარდაშვილმა „ალმერიასთან“ შესანიშნავად ითამაშა. თუ ის „ბეტისის“ წინააღმდეგაც ითამაშებს, „ვალენსიაში“ ზედიზედ ჩატარებული 50 მატჩი დაუგროვდება, რაც მისი ასაკის მეკარისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.
ქართველმა რვა სეივი შეასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია ისეთ მატჩში, რომელშიც გუნდი არ დამარცხებულა. გიორგისთვის მტკივნეული იყო ის, რომ მისი ორი მოგერიების შემდეგ მცველებს არიბამ დაასწრო და მაინც გაუტანა.
„ალმერიასთან“ მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა თავისი მომავლისთვის საკვანძო სეზონი დაიწყო. პიტერ ლიმს („ვალენსიის“ მფლობელი) ზაფხულში ქართველ მეკარესთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ მომავალი წელი მისთვის, შეიძლება, მნიშვნელოვანი გახდეს, თუ თამაშს ასეთ დონეზე გააგრძელებს. კლუბში კი იმედოვნებენ, რომ მომავალ ზაფხულში მიიღებენ ისეთ შემოთავაზებებს, რომელიც ლიმს მოეწონება.
გავაგრძელოთ საუბარი რეკორდებზე. მამარდაშვილს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშის სტატუსი არ დაუკარგავს 2021/22 სეზონის ბოლო თამაშის შემდეგ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდმა მიზანს მიაღწია, ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და თასის ფინალში გავიდა. შემდეგ სეზონში ქართველმა მეკარემ ყველა შეხვედრა ჩაატარა, ლიგის 38-ვე მატჩი, სუპერთასის ნახევარფინალი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ და სამი სათასო შეხვედრა.
გიორგიმ მხოლოდ ბოლო 12 წუთი გამოტოვა თასის პირველ თამაშში „ლა ნუსიასთან“. მომავალ კვირას „ბეტისის“ წინააღმდეგ მას შეუძლია, ზედიზედ 50-ე მატჩი ჩაატაროს, თუ მანამდე, 27 სექტემბერს „რეალ სოსიედადთანაც“ გავა მოედანზე“, – წერს ესპანური გამოცემა.