„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ანხელ დი მარია იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი ზაფხულში „ბარსელონას“ დატოვებს და პარიზში გადაბარგდება.
„მესის „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლის შანსი დიდია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ წყნარად და ვადევნოთ თვალი, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა დი მარიამ Canal+-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ დიდი იმედი აქვს, რომ ნეიმარის მსგავსად ისიც ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და პარიზში დიდი ხნით დარჩება:
„ნეიმარი ჩემზე ახალგაზრდაა და სწორედ ამიტომ მიმართეს მას პირველად. ჩვენ ეტაპობრივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მთავარი კი ის არის, რომ მე პარიზში ბედნიერი ვარ.“
„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმართან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა, ამ ეტაპზე კი მბაპესთან იგივე შეთანხმების მიღწევას ცდილობს. პოჩეტინოს გუნდში მისვლის შემდგომ პარიზელებს სერიოზული გეგმები აქვთ და არაერთი ფეხბურთელის დამატებას ფიქრობენ. მათ შორის კი ყველაზე პრიორიტეტული სწორედ მესია. არგენტინელი ფეხბურთელის შეძენას პსჟ-სთან ერთად „მანჩესტერ სიტიც“ აქტიურად ცდილობს.