რომას მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს შესაძლოა სულ მალე მოუწიოს პოსტის დატოვება, – ამის შესახებ თავის ტვიტერზე წერს ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
კლუბის ხელმძღვანელობა სპეციალისტს პოსტიდან დაითხოვს იმ შემთხვევაში, თუ რომა ორი მატჩის ჯამში ვერ დაამარცხებს პორტუს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი რომაელებმა 2:1 მოიგეს შინ. განმეორებითი მატჩი 6 მარტს, პორტუგალიაში გაიმართება.
დი ფრანჩესკო რომას 2017 წლიდან უდგას სათავეში. შარშან, 49 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა.
დღეისთვის, რომა მეხუთე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. მან ბოლო ტურში დიდი ანგარიშით წააგო რომაული დერბი ლაციოსთან – 0:3.