ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ თავისი ახალი ნახატი “ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესის არჩათვლილ გოლს “ვალენსიას” კარში მიუძღვნა.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში არბირტების ბრიგადამ იგნასიო იგლესიას ვილიანუევას ხელმძღვანელობით, ვერ შეამჩნია, როგორ გადაკვეთა ბურთმა კარის ხაზი მეკარე ნეტუს შეცდომის შემდეგ.
“ლიგას სასწრაფოდ ესაჭიროება VAR (არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემა”, – ამგვარი მინაწერი ახლავს ნახატს.
სხვათა შორის, “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ, მესიმ ექვს შეხვედრამდე (5 “ბარსელონას” შემადგენლობაში, 1 – არგენტინის ნაკრებში) აიყვანა თავისი უგოლო სერია, რაც პირველად ხდება 2010 წლის შემდეგ. მაშინ, არგენტინელის “მშრალი” სერია 7 მატჩი გრძელდებოდა და აქედან ექვსი მან ნაკრების რიგებში ჩაატარა.
ბოლო გოლი ლეომ 28 ოქტომბერს, “ბილბაოს” კარში გაიტანა.