დღის კადრი - საზონოვი საქართველოს ჰიმნს ემოციურად ასრულებს #1TVSPORT
ეს ფოტო ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩამდე ქვეყნის ჰიმნს მღერიან – სამეულის შუაში საბა საზონოვია, რომელმაც საქართველოს სახელით პირველად ითამაშა.
შესაძლოა, ეს პორტუგალიასთან შეხვედრის ერთადერთი სასიამოვნო კადრია, რადგან საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, რომელიც ევრო 2023-ისთვის ემზადება, დიდი ანგარიშით დამარცხდა (4:1) და 2019 წლის ნოემბრიდან დაწყებული წაუგებელი სერია შეწყვიტა.
კადრმა დააფიქსირა, რომ საბა საზონოვი „დიდებას“ დიდი ემოციებით მღერის. როგორც ჩანს, მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის მცველი, რომელიც პეტერბურგის „ზენიტის“ აღზრდილია, საქართველოს ნაკრებში დებიუტისა და ჰიმნის შესრულებისთვის დიდი ხანი ემზადებოდა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვის დედა ქართველია – ნინო ნიშნიანიძე. ახალგაზრდული ნაკრების მცველი სამტრედიაში იზრდებოდა და კარგად იცის ქართული. საბა 6 წლის იყო, მისი ოჯახი პეტერბურგში რომ გადავიდა, მაგრამ საქართველოს მუდმივად სტუმრობდა და ენას ახლაც კარგად ფლობს.
რამაზ სვანაძე საზონოვის დამატებით დაინტერესდა, ფეხბურთის ფედერაციამ კი მისი დათანხმება შეძლო და საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 27 სექტემბერს გამართავს. გუნდი სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.