უეფას ახალი სანაკრებო ტურნირი სახელწოდებით „ერთა ლიგა“ დღეს იღებს სტარტს და პირველი მატჩი ყაზახეთსა და საქართველოს შორის გაიმართება (თბილისის დროით 18:00 საათზე), ხოლო რაც შეეხება დღევანდელი დღის ცენტრალურ თამაშს, ის გერმანიაში, ქალაქ მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ჩატარდება და ადგილობრივი ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
გერმანიის ნაკრები სამგზის ევროპის ჩემპიონია, საფრანგეთმა კი მსგავს წარმატებას ორჯერ მიაღწია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონობას, აქ გერმანელთა უპირატესობა უფრო აშკარაა – 4-2.
ისტორიის მანძილზე გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს 29-ჯერ შეხვედრიან (ამხანაგური მატჩების ჩათვლით) და სტატისტიკა საფრანგეთის სასარგებლოდ მეტყველებს: გერმანიამ მხოლოდ 9 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, 13 კი წააგო.
საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ ბოლო სამ თამაშში გერმანიამ თითოში 2 გოლი გაუშვა (2-2, 0-2, 0-2), საფრანგეთის ნაკრებმა კი ბოლო 19 მატჩიდან (სხვადასხვა მეტოქეებთან) მხოლოდ ერთი წააგო და 4 – ფრედ ითამაშა.
ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საფრანგეთის უპირატესობა აშკარაა, თუმცა საფეხბურთო მატჩს სტატისტიკა არ იგებს და გერმანელები დღეს ამის დამტკიცებას შეეცდებიან.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.