დღეს ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა - ქართული ფეხბურთის ყველაზე ფასეული გოლის ავტორს 66 წელი შეუსრულდებოდა #1TVSPORT
დღეს ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა - ქართული ფეხბურთის ყველაზე ფასეული გოლის ავტორს 66 წელი შეუსრულდებოდა #1TVSPORT

დღეს ვიტალი დარასელიას 66 წელი შეუსრულდებოდა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდა, რომელიც კლუბისა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორობით ჩაეწერა.

თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების მოთამაშე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. ვიტალი დარასელიამ კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა.

1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1980 წელს – ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. 1978 წლის 19 ნოემბერს, იაპონიაში მასპინძლებთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და დებიუტი გოლით აღნიშნა.

თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს ისტორიაში ყველაზე ფასეული გამარჯვება და თასი მოუტანა.

1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით ჩატარებულ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვიტალი დარასელიას 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, მისი სახელობის თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. ოჩამჩირეს სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. 2016 წლიდან „დინამო“ თბილისი აკადემიაში ასაკობრივ გუნდებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის წინაშე ღვაწლისთვის ღირსების ორდენი ფეხბურთელის შვილს ქრისტინა დარასელიას ფეხბურთის ფედერაციაში გადასცა.

2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო.