დღეს თბილისში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის რეკორდი დამყარდება - საქართველო - ბელგიის მატჩის ბილეთების 80 პროცენტი გაყიდულია #1TVSPORT
დღეს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში დასწრების რეკორდი გაუმჯობესდება – საქართველოს და ბელგიის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების 80 პროცენტი გაყიდულია, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„მატჩზე დასასწრები ბილეთების 80 პროცენტი გაყიდულია. იჩქარეთ, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ და მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში. მოდი ადრე და 19:45-ზე ერთად ვიმღეროთ ჰიმნი“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენის“ ტევადობა 2007 წლის რეაბილიტაციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ტრიბუნებზე სრულად დამონტაჟდა ინდივიდუალური სავარძლები, 54,000 გახდა. ამ რაოდენობის 80 პროცენტი 43 200-ია და უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების დასწრების რეკორდი დამყარდება.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე დასწრების რეკორდი 1996 წლის ფინალში (ესპანეთი-იტალია) დაფიქსირდა – 34 600 გულშემატკივარი. შესაძლოა, როდესაც ამას კითხულობთ, რეკორდი უკვე დაფიქსირებულია.
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდები პორტუგალიას დაუპირისპირდება.