დღეს საქართველოს ნაკრების დაბადების დღეა - 34 წლის წინ „ჯვაროსნებმა“ პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართეს #1TVSPORT
27 მაისი საქართველოს მთავარი საფეხბურთო ნაკრების დაბადების დღეა – გუნდმა, რომელმაც 26 მარტს ყველა გაახარა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, პირველი ოფიციალური შეხვედრა 34 წლის წინ ჩაატარა.
1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. 1990 წლის 15 თებერვალს, დაფუძნდა დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც იმ დროისთვის ფიფა-ს და და უეფა-ს წევრი არ იყო და საბჭოთა კავშირის ფედერაციის მოთხოვნით და სასჯელის შიშით, ჩვენს ეროვნულ გუნდთან თამაშს ყველა ერიდებოდა. თანხმობა კი ლიეტუვის ნაკრებმა განაცხადა, რომელიც საბჭოთა ფეხბურთს ჩვენზე გვიან გამოეყო.
შეხვედრა 26 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობიდან და იმ დროს არსებული რთული და დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 27 მაისს დაიგეგმა, სტადიონზე ბევრი ხალხი რომ მისულიყო.
ასეც მოხდა – გუნდებმა გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე ითამაშეს. სტუმრები პენალტით არმინას ნარბეკოვასმა დააწინაურა. მეორე ტაიმში საჯარიმო დარტმით გია გურულმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალე ბალტიისპირელები ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ისევ წინ გაიყვანა. საქართველოს ნაკრები შტურმზე წავიდა და 81-ე წუთზე საბოლო შედეგი კახი კაჭარავამ დააფიქსირა – 2:2.
საქართველო 2:2 ლიეტუვა
გოლები: 0:1 ნარბეკოვასი (12), 1:1 გურული (62), 1:2 ბალტუშნიკასი (66), 2:2 კაჭარავა (81)
საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი)
მწვრთნელი: გივი ნოდია
ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (86. არვიდას კონციავიჩუსი), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (17. ვირგინიუს ბალტუშნიკასი), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი
მწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი
მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი, ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია