დღეს საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, კვიპროსის ნაკრები ლარნაკას „აეკ არენაზე“ საქართველოს უმასპინძლებს. ამ გუნდებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ გამარჯვება არ აქვთ. მარტში კვიპროსი შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრები კი ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა – 1:1. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).

გასაკვირი არაა, რომ კვიპროსი მიზნად ისახავს პირველი ქულების მოპოვებას. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს ერთა ლიგის პლეი-ოფშიც უწევს თამაში, რადგან ამ ტურნირის C ჯგუფში გამოსვლა ბოლო ადგილზე დაასრულა და მომავალ წელს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად გიბრალტარი უნდა დაამარცხოს.

კვიპროსს ბოლო 21 მატჩში ყველა ტურნირზე ცუდი სერია ჰქონდა. გუნდი უკანასკნელ ხუთ თამაშში მინიმუმ ორ გოლს უშვებდა (სულ 14). ქეცბაიას ნაკრებისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი სეზონში 12 გოლის გამტანი თავდამსხმელის, პიეროს სოტირიოს არყოფნაა, რომელიც მესამეა თავისი ქვეყნის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. „ჰიროშიმას სანფრეჩეს“ მოთამაშემ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

თავდასხმაში კვიპროსელთა იმედი კრისტოფია – 34 წლის ფეხბურთელი მხოლოდ მეექვსე მოთამაშეა, რომელმაც თავისი ქვეყნის სახელით ათზე მეტი გოლი გაიტანა. მასპინძლებს ასევე მოუწევთ ბრძოლა მარცხენა მცველის, ნიკოლას იოანუს გარეშე, რომელიც შოტლანდიასთან გააძევეს. მათ არყოფნაში მთავარი როლის შესრულება ანდერსონ კორეასა და კოსტა პილეას შეუძლიათ.

 

 

საქართველო აღმავალ გზაზეა

თუ კვიპროსს ერთა ლიგის C დივიზიონში დასარჩენად მოუწევს ბრძოლა, საქართველო B ლიგაში იასპარეზებს. C დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა 18 დან 16 ქულის მოპოვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. გათამაშების მანძილზე „ჯვაროსნების“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მარტის საერთაშორისო შესვენების დროს, საქართველომ ამხანაგურ მატჩში მონღოლეთი 6:1 დაამარცხა, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი კი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა – 1:1. იმ შემთხვევაში, თუ ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ორ საუკეთესოში ვერ მოხვდება, მაინც დარჩება შანსი, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს ერთა ლიგის გავლით.

საქართველომ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოსთან 0:3). აღსანიშნავია, რომ COVID-ის ეპოქის შემდეგ, სხვადასხვა ტურნირის ეგიდით, გასვლით შეხვედრებში სანიოლის გუნდმა ხუთჯერ გაიმარჯვა.

კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებების თამაშების ისტორია ასეთია – მასპინძლებს სამი მოგება აქვთ, ქართველებს – ორი. 2017 წელს გუნდების უკანასკნელ შეხვედრაში „ჯვაროსნებმა“ 1:0 გიორგი ქვილითაიას გოლით გაიმარჯვეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით

ცხრა ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებში მარტის შესვენების დროს იყო გამოძახებული, დღეს განაცხადში არ არის, მათ შორის თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი. მას ეროვნულ გუნდში 15 გოლი აქვს გატანილი, თუმცა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

განაცხადში ასევე არ არიან „ჟილ ვისენტეს“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია და „კოპენჰაგენის“ მცველი დავით ხოჭოლავა. სამაგიეროდ, ითამაშებს 35 წლის ცენტრალური მცველი, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 103-ე მატჩი უნდა ჩაატაროს.

ლიდერი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა. მან 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით „ნაპოლი“ სერია A-ს ჩემპიონობამდე მიიყვანა და ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სავარაუდოდ, ხვიჩას გვერდით შეტევის ხაზში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი იქნებიან.

 

 

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები:

28 მარტი

საქართველო – ნორვეგია 1:1

17 ივნისი

კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი

შოტლანდია – საქართველო

8 სექტემბერი

საქართველო – ესპანეთი

12 სექტემბერი

ნორვეგია – საქართველო

15 ოქტომბერი

საქართველო – კვიპროსი

16 ნოემბერი

საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი

ესპანეთი – საქართველო