დღეს რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა - მან „მარაკანაზე“ ბრაზილია დაამარცხა, თბილისში კი ლიოვი-მათეუსის გერმანია (ვიდეო)
დღეს რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა - მან „მარაკანაზე“ ბრაზილია დაამარცხა, თბილისში კი ლიოვი-მათეუსის გერმანია (ვიდეო)

დღეს ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის, „ჩელე-პელედ“ მონათლული რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა – თავდამსხმელს, რომელიც იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ღირსებას, 65 წელი შეუსრულდა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცეჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1980). იყო ქობულეთის „შუქურას“, ბათუმის „დინამოს“ და რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 1995 წელს ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა.

ჩელებაძე ის იშვიათია ქართველი, ვისაც „მარაკანაზე“ უთამაშია და ბრაზილიის ნაკრებთან მოუგია. ეს 1980 წლის 15 ივნისს, საბჭოთა ნაკრებმა მოახერხა, რომლის ძირითად შემადგენლობაში ზიკოს, სოკრატესისა და სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ ღირსეულად გამოიყურებოდა. იმ დღეს, საბჭოთა ნაკრებს მოედანზე ალექსანდრე ჩივაძე გაუძღვა, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე თამაშობდა. შეხვედრას 165 ათასი კაცი ესწრებოდა და პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო, საბჭოთა კავშირმა ბრაზილიას მისსავე მოედანზე რომ მოუგო.

ჩელეს“ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონსტანტინე ბესკოვი განსაკუთრებით ენდობოდა და საკონტროლო შეხვედრებში სისტემატურად იძახებდა: ბულგარეთთან გასვლაზე მოგებულ მატჩში (3:1) დებიუტი დუბლით აღნიშნა და ისე კარგად ითამაშა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ორივე ცენტრალური მცველი შეცვალა.

„შეიძლება, მეორე ნახევარს რევაზ ჩელებაძის ბენეფისი ვუწოდოთ. ამ დროისთვის, ანგარიში 1:1 გახლდათ. მან ორჯერ მოახერხა ძლიერი დაცვის გარღვევა და ნაკრების მოგება განაპირობა 3:1” – წერდა მაშინ „სოვეტსკი სპორტი”.

1980 წელს ბატონი რევაზი სსრკ-ს თასის ბომბარდირი გახდა – მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო და საკავშირო რეკორდი გაიმეორა. მერე იყო მოსკოვში გამართული ოლიმპიური თამაშები, სადაც დინამოელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა, რადგან ტრავმამ თამაშის საშუალება არ მისცა.

1979 წლის 20 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ (დღეს მიხეილ მესხის სახელობის) სტადიონზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები გერმანელ თანატოლებს შეხვდა და 2:1 მოუგო: 34-ე წუთზე ანგარიში კიეველმა ანდრეი ბალმა გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჩელებაძემ გაუწია, 39-ე წუთზე კი პენალტი თავად „ჩელე-პელემ“ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. მაშინ გერმანელებს ბერტი ფოგთსი წვრთნიდა, ამ გუნდის ბირთვმა კი სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (1982, 1986 და 1990) ფინალი ითამაშა. თბილისში მომავალმა ლეგენდებმა ითამაშეს – ევროპის ჩემპიონამა და ბრინჯაოს მედლის (1980, 1988) მფლობელმა, ორგზის (1982, 1986) მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა აიკე იმელიმ, გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, გერმანიის, იტალიის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებულმა ლოთარ მათეუსმა, ბუნდესნაკრების ამჟამინდელმა დამრიგებელმა იოაჰიმ ლიოვმა, „კიოლნისა“ და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავმა პიერ ლიტბარსკიმ, მსოფლიოს ჩემპიონმა და ორგზის ვიცეჩემპიონმა რუდი ფიოლერმა; მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა, ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა თომას ალოფსმა. ამ დროს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჩელებაძეს გადასცეს.

ქართულ საფეხბურთო წრეებში კარგად ცნობილი მენეჯერი ზაზა ბოკერია იხსენებდა, რომ მატჩზე მყოფმა „კიკერის“ რედაქტორი, კარლ-ჰაინც ჰაიმანი ჩელებაძის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და ეს სიტყვები თქვა: „ამ კაცის თავი სავსეა ხრიკებით და ოინებით; თან ისე თამაშობს, კარგ ხასიათზე დაგაყენებს“.

მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი ჩელებაძეს სწორედ „კიკერის“ რედაქტორმა გადასცა. სხვათა შორის, იმელს მაშინ პენალტი ე.წ. „პანენკას“ სტილში გაუტანა (ახლა „პირლოს“ ეძახიან) – ჩელებაძე საბჭოთა კავშირში პირველი იყო, ვინც თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს ასე შესრულება დაიწყო.

 

რევაზ ჩელებაძე

დაიბადა 1955 წლის 2 ოქტომბერს (60 წლის)

სიმაღლე – 180 სმ

პოზიცია – თავდამსხმელი

პროფესიონალური კარიერა

1973-1974 ქობულეთის „შუქურა“ 11

1974-1975 ბათუმის „დინამო“ 21

1976–1982 თბილისის „დინამო“ 122 (41)

1982 ლანჩხუთის „გურია“ 11 (6)

1983–1985 ბათუმის „დინამო“ 78 (53)

1985–1987 თბილისის „დინამო“ 37 (11)

სანაკრებო კარიერა

1980 სსრკ ოლიმპიურ ნაკრები 2 (0)

1977-1980 სსრკ ნაკრები 7 (3)

ტიტულები

სსრკ ჩემპიონი 1978

სსრკ ვიცე-ჩემპიონი 1977

სსრკ ჩემპიონატის მესამეადგილოსანი 1976, 1979

სსრკ თასის მფლობელი 1976, 1979

თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული 1981

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი 1980

სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა მე-2 ნომრად 1977

სპორტის ოსტატი – 1976

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1980