დღეს მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრაა - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრაა - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

29 აპრილს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება. ღონისძიება „არენა კოლისეუმში“ თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ დღეს კალათები გამოაქვეყნა, რომლებშიც გუნდები NIKE-ის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით არიან გათესილნი.

I კალათა: ფილიპინები, ესპანეთი, აშშ, ავსტრალია.

III კალათა: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ბრაზილია.

V კალათა: ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი, ახალი ზელანდია.

VII კალათა: იორდანია, იაპონია, ანგოლა, კოდ დ’ივუარი.

II საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა.

IV კალათა: კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პუერტო რიკო.

VI კალათა: ჩინეთი, ლატვია, მექსიკა, საქართველო.

VIII კალათა: ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი, კაბო ვერდე.

კალათები ლუწ-კენტად იმის გამო გამოვყავით, რომ სწორედ ამ თანწყობით გაიმართება წილისყრა და შედგება მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფები. ანუ 32 მონაწილე ორად გაიყო: 16 ნაკრები პირველ, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კალათაში მოხვდა, ხოლო 16 ნაკრები – მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე კალათებში.

სწორედ ამ მეორე 16-ეულში მოხვდა საქართველო, რომლის სავარაუდო მეტოქეებიც თვალნათლად ჩანს: II კალათიდან შესაძლებელია ნებისმიერი ნაკრები (სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი) შეგვხვდეს.  IV კალათიდან მონტენეგროს გარდა ნებისმიერი (კანადა, ვენესუელა, პუერტო რიკო) შეგვხვდება. VI კალათაში ჩვენი ნაკრებია და, ცხადია, აქედან არავინ შეგვხვდება. VIII კალათიდან ოთხივე ნაკრები, შესაძლოა, ჩვენი მეტოქე გახდეს.

ზემოთ ვახსენეთ, რომ მონტენეგრო ჩვენი მეტოქე ვერ იქნება, რაც იმ ერთ-ერთი შეზღუდვის გამოა, რომლებიც ფიბა-მ წილისყრისას დააწესა. ამ შეზღუდვებს ძირითადად საფუძვლად გეოგრაფიული ასპექტები უდევს. კენტებში ბევრი ევროპული ქვეყანაა (ერთი კალათა მთლიანად ევროპული ქვეყნებისგანაა დაკომპლექტებული), რის გამოც ამ კონტინენტის 3 ქვეყნის ერთად მოხვედრა გამორიცხულია.

პირველი (საერთო ნუმერაციით – მეორე) კალათიდან ყველა ვარიანტში ევროპული ქვეყანა ამოვა. შესაბამისად, იმ ჯგუფში, რომელშიც მონტენეგრო მოხვდება, მესამე ევროპული ქვეყანა, საქართველო ვეღარ ითამაშებს. აქ არ შევჩერდებით იმ შეზღუდვებზე, რომლებიც სხვა კონტინენტებს ეხება და რომლის შესაბამისად, ჩინეთი და ლიბანი ერთად ვერ მოხვდებიან, ასევე ბრაზილია და ამერიკა და ასე შემდეგ…

ქართველი გულშემატკივრებისთვის მეორე ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც ჩვენი ჯგუფის ლოკაციას ეხება, კვლავ ღიად რჩება. ანუ საქართველოს ნაკრები შესაძლებელია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ სამივე ქვეყანაში მოხვდეს, თუმცა მეტნაკლები პროცენტულობით. ყველაზე დიდი შანსია (50%) ფილიპინებში მოვხვდეთ, ხოლო იაპონიასა და ინდონეზიაში წასვლას თანაბარი შანსები (25-25%) აქვს.

 

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს. E და F ჯგუფები იაპონიაში ითამაშებენ, ხოლო G და H ჯგუფები – ინდონეზიაში. II, IV, VI, VIII კალათებიდან 29 აპრილის წილისყრის შედეგად მსოფლიოს ჩემპიონატის B, D (ორივე ფილიპინები), F (იაპონია) და H (ინდონეზია) ჯგუფები შედგება.

ცნობილია, რომ თუ პირველი კალათიდან სლოვენია შეგვხვდება, იაპონიაში ვითამაშებთ, რადგან იაპონელებს პარტნიორ ქვეყნად სწორედ სლოვენია ჰყავს არჩეული. გავაგრძელოთ პარტნიორი ნაკრებების თემა და აღვნიშნოთ, რომ ამერიკა ფილიპინებში მოთამაშე 4 ჯგუფიდან ერთ-ერთში იქნება, ხოლო კანადა ერთ-ერთ ინდონეზიურ ჯგუფში განთავსდა.

თავად მსოფლიოს ჩემპიონატი კი სტარტს მიმდინარე წლის 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

gbf.ge